რუსეთი ლიეტუვასა და ევროკავშირს აფრთხილებს, რომ მათ წინააღმდეგ "ხისტ ზომებს" მიიღებს, თუ რუსეთიდან ლიეტუვის გავლით კალინინგრადის ექსკლავამდე პროდუქტების მიწოდება არ აღდგება.
ლიეტუვამ 20 ივნისიდან საკუთარ ტერიტორიაზე, კალინინგრადის ექსკლავის მიმართულებით და უკან, იმ რუსული პროდუქტების სარკინიგზო გადაზიდვები დაბლოკა, რომლებიც ევროკავშირის სანქციებს ექვემდებარება.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ ისაუბრა.
„ჩვენ უსასრულოდ არ მოვიცდით. კიდევ ერთხელ, თუ სიტუაცია მომდევნო დღეებში არ დასტაბილურდება, მაშინ რუსეთი მიიღებს ხისტ ზომებს ლიეტუვისა და ევროკავშირის წინააღმდეგ. ამ ზომების მომზადება დასრულებულია" - განაცხადა ზახაროვამ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუს ეკონომიკური აქტორებს ლიეტუვის მხრიდან "ცალმხრივი, უკანონო შეზღუდვების გამო" დანაკარგები უკვე აქვთ.
ოფიციალური ვილნიუსის ცნობით, დაწესებული შეზღუდვების მიზანია, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის საპასუხოდ რუსეთის წინააღმდეგ ზომები გააძლიერონ.